ევრომელანომა


2016 წლის 14 მაისს, 10-დან 16 სთ-მდე, თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე, „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ მიერ ტარდება ევროპული კამპანიის -„ევრომელანომა“ მორიგი აქცია. აქციის ხელშემწყობია თბილისის მერია.
აქციის გაშუქება მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებისა და კანის კიბოსადმი სიფხიზლის დამძაფრების მიზნით, ასევე ფაქტის დოკუმენტირების თვალსაზრისით. კამპანიის შესახებ:"ევრომელანომა" წარმოადგენს პანევროპულ კამპანიას, რომლის მიზანია კანის კიბოსა და მელანომის პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის ხელშეწყობა, ფართო მასების ინფორმირება;
 კამპანია პირველად ჩატარდა 1999წ ბელგიაში და გავრცელდა ევროპის 36 ქვეყანაში. 2012 წლიდან საქართველო გახდა „ევრომელანომის“ წევრი ქვეყანა (www.euromelanoma.org/georgia/home-1). კამპანიაში საქართველოს ჩართვის ინიციატორი და სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“.
 წლიდან წლამდე ჩვენი მოღვაწეობა მიმართულია კანის კიბოს შესახებ ცოდნის გაუმჯობესებისაკენ;
 ეს არის სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად მაისში ტარდება მოსახლეობის უფასო გასინჯვები კანის კიბოს სხვადასხვა ფორმების გამოვლენისა და დროული მკურნალობის მიზნით. სულ 2012 და 2015 წწ. სკრინინგის ფარგლებში უფასოდ გაისინჯა 4000-მდე პირი, გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის მელანომა და არამელანომური კიბო, თბილისის მასშტაბით ჩატარდა უფასო ოპერაციები.
 ყოველწლიურად სკრინინგს წინ უსწრებს ფართო საინფორმაციო კამპანია, ექიმთა ტრეინინგები;
 სკრინინგში მონაწილეობენ დერმატოლოგები, ონკოლოგები, პლასტიკური ქირურგები;
 საქართველოს გამოცდილების შესახებ პრეზენტაციები კეთდება ბრუსელში სათავო ოფისში, ასევე ქართული ჯგუფი მონაწილეობდა ევრომელანომის საბჭოს წევრების ევროპარლამენტარებთან შეხვედრაში კანის კიბოს აქტუალური საკითხების განსახილველად;
 ჩატარდა სტატისტიკური ანალიზი, გამოქვეყნდა ევროპის ფორუმებზე სკრინინგის შედეგები;
 კამპანიის მასალების საფუძველზე შესრულდა შვეიცარიის ლუნდის უნივერსიტეტის სტუდენტის მიერ სამაგისტრო ნაშრომი;
 კამპანიის ორგანიზატორები აქტიურად თანამშრომლობენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და დაავადება კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, რათა კანის კიბოს პრობლემა იყოს აყვანილი ჯანდაცვის პოლიტიკის დონეზე;
 ყოველწლიურად კამპანიის ოფიცილური მხარდამჭერია თბილისის მერია. 2016 წლის კამპანიის ლოზუნგია: მზე ყველგან ასხივებს და არა მხოლოდ ზღვის სანაპიროზე!
ამით კამპანია ცდილობს გაამახვილოს ყურადღება მზისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა თავს არ იცავს მზის სხივებისგან არაშვებულების პერიოდში. 2016 წელს კამპანიის ფარგლებში იგეგმება: ა) მასშტაბური საინფორმაციო კამპანია - დარიგდება საინფორმაციო ბუკლეტები, გაიკვრება პოსტერები ინფორმაციით კანის კიბოს შესახებ, ჩატარდება საგანმანათლებლო ლექციები სკოლებში ულტრაიისფერი გამოსხივების რისკების შესახებ ბ) სკრინინგი, რომელიც ჩატარდება 14-15 მაისს თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში. წლევანდელი სკრინინგი ჩატარდება აქცენტით ინსტრუმენტულ გამოკვლევაზე (დერმატოსკოპია), რათა მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული დიაგნოსტიკური უზუსტობები. პრობლემის მოკლე მიმოხილვა: · კანის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს, რომლის სიხშირე განუხრელად მატულობს, ყოველი მეექვსე ევროპელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც შეიძლება დაავადდეს კანის კიბოთი. · ამასთან, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები, ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, სრულიად განკურნებადია! · კანის კიბოს სხვა ავთვისებიან სიმსივნეებთან შედარებით აქვს უპირატესობა - მისი დანახვა შესაძლებელია! · სამწუხაროდ საქართველოში კიბოს გამოვლენა დაბალია და ამასთან, ძირითადად დაგვიანებული. ეს მნიშვნელოვნად ზრდის მკურნალობის ხარჯებს და ამცირებს პაციენტის გადარჩენის შანსს. · ევრომელანომის კამპანია საქართველოში წელს უკვე მეხუთედ ტარდება, ის ხელს უწყობს: - შესაბამისი ცოდნის გავრცელებას მოსახლეობაში, მათ მოტივირებას დროულად მიმართონ ექიმს; - დერმატოლოგების და სხვა სპეციალობის ექიმების ცოდნის დონის ამაღლებას კანის სიმსივნეებთან მიმართებაში; - ადრეულ სტადიებში დაავადების გამოვლენას.
აქციის ორგანიზატორი-ლალი მეკოკიშვილი- ექიმი დერმატოლოგი, პროფესორი „ევრომელანომის“ ნაციონალური წარმომადგენელი საქართველოში „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ პრეზიდენტი

236-44-85 მისამართი თბილისი, ლუბლიანას 5, მე-5 სართული (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს შენობაში) www.cancer.ge